თუშეთში ნებისმიერი სახის ნაბადისთვის იყენებდნენ მხოლოდ შემოდგომის ’’გრძლოვან’’ (გრძელბეწვა) მატყლს ან კრაველს.

თუშური ნაბადი


თელვა ერთ-ერთი უძველესი საქმიანობაა მატყლის დამუშავებაში და იგი მსოფლიოს მრავალ ხალხშია გავრცელებული. საქართველოში ამ ტრადიციის სიძველეს ადასტურებს ძვ. წ.-ით III-II ათასწლეულთა მიჯნით დათარიღებული ბედენის აკლდამა, რომელშიც სხვა ნივთებსა და ქსოვილის ნაშთებთან ერთად, მოთელილი ნაწარმის ფრაგმენტებიცაა წარმოდგევილი.
თუშეთში მოთელილ ნაწარმს ზოგადად ’’ნაბადს’’ უწოდებენ.ეს ტერმინი გამოიყენება სამწყემსო, მხრიანი ნაბადის აღსანიშნავადაც. დარგის განვითარებას თუშეთში ხელი შეუწყო თუშური მატყლის მაღალმა ტექნოლოგიურმა ღირსებებმა (ახასიათებს მაღალი თელვადობა).
’’საბარგე ნაბადი’’, ’’სათექა’ე ნაბადი’’(ტანსაცმლისთვის განკუთვნილი), ’’სახურავა ნაბადი’’, ’’ფეჴთქვეშსაგება' ნაბადი’’, ’’მეჴის (ვიწრო და გრძელი ტახტი) ნაბადი’’, ’’საქუდე ნაბადი’’(მზა ნაწარმი - ’’ნაბდის ქუდი’’), ’’საქევნე ნაბადი’’ (მზა ნაწარმი - ’’ქევანი’’), ’’ სათიქალთოე ნაბადი’’ და სხვა.
სახეებს მათი ფორმა, დანიშნულება, მოთელვის ხანგრძლივობა და ორნამენტი ქმნის, თელვის პრინციპი და ტექნოლოგია ყველა სახის ნაბადს ერთნაირი აქვს. სხვაობა მოსათელი ფართის ზომაში, თელვის ხანგრძლივობაში, მატყლის ფერსა და ხარისხშია.
საქართველოში ნაბდის თელვა მთლიანად ქალის საქმე იყო. თუში ქალები გაწაფულნი იყვნენ თელვის საქმეში და თავისი საოჯახო საჭიროებისათვის თვითონ თელავდნენ. მხოლოდ უქალო ოჯახი თუ მოათელვინებდა სხვას ნაბადს. ზოგი სახის ნაბადს ორი ქალი თელავს, ზოგს კი - სამი და მეტიც, ვიწრო და პატარა ზომის ნაბადი შეიძლება ქალმა მარტომაც მოთელოს.

{article_images}


თუშეთში ნებისმიერი სახის ნაბადისთვის იყენებდნენ მხოლოდ შემოდგომის ’’გრძლოვან’’ (გრძელბეწვა) მატყლს ან კრაველს. მოსათელად გარეცხილ მატყლს კარგად ჩეჩავენ რკინისკბილება საჩეჩელზე და ან მხოლოდ ზირს ან ’’ძირწვერიანად’’ გამოიყენებენ, იმისდამიხედვით, თუ რა დანიშნულებისთვისაა ნაბადი გამიზნული. ნაბადს გაზაფხულზე და ადრე შემოდგომაზე თელავენ, როცა თბილა. ნაბადი თუ გაცივდა აღარ ითელება და ამიტომ ძირითადად ოთახში, თბილად თელავენ.
აღსანიშნავია, რომ თუში ქალები წინასწარ შექმნილ ესკიზს არ იყენებდენ ნაბდის მოთელვისას. მათ ნამუშევრებში კარგათ ჩანს იმპროვიზაციული შემოქმედება. მატყლის თელვის გარდა თუშეთში ქსოვილებსაც თელავდნენ.
ამჟამად საქართველოში მხოლოდ თუშეთში თელავენ სამეურნეო დანიშნულებისა და საცხოვრებლის ინტერიერის მოსალამაზებელ - მოსათბუნებელ დეკორატიულ - მხატვრულ ნაბდებს. ისინი გამოირჩევიან მაღალმხატვრული გემოვნებით, თავისუფალი შემოქმედებით, ფერთა ჰარმონული შეხამებით.
ამჟამად თუშეთში კიდევ თელავენ ნაბდებს, რომლის მომხმარებლებიც, ძირითადად, მეცხვარეებია. თექის ოსტატები არიან, როგორც კერძო პირები, ასევე ახმეტის რ-ის სოფ. ქვ. ალვანში ფუნქციონირებს კოლეჯი ,,აისი“, სადაც თექის ოსტატები ასწავლიან სტუდენტებს, როგორც ნაბდის თელვას, ასევე სხვა თუშურ, ტრადიციულ ხელსაქმეს.

გამოყენებული ლიტერატურა სტუდაი 21, ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა