ადმინისტრაცია
კულტურული მემკვიდრეობა
ტრანსპორტი
თუშეთი კახეთთან დაკავშირებული იყო სამი უმოკლესი გზით, რომლებიც კავკასიონის ქედებზე გადადის და ზამთრის პერიოდში გაუვალია.
თუშეთთან დამაკავშირებელი გზა
თუშეთი კახეთთან დაკავშირებული იყო სამი უმოკლესი გზით, რომლებიც კავკასიონის ქედებზე გადადის და ზამთრის პერიოდში გაუვალია. ერთი გზა სოფ. ომალოდან იწყებოდა, ადიოდა დიდგვერდის მთაზე (სიმ. 2987 მ.) და სამყინვაროსწვერის უღელტეხილით ეშვებოდა გომეწრის თემში. მეორე გზა სოფ. ფშაველიდან სტორის ხეობას აუყვებოდა, ადიოდა ბულანჩოსწვერის მთაზე (სიმ. 3255 მ.) და აბანოს უღელტეხილით ჩადიოდა ჩაღმის თემში. მესამე გზა პანკისის ხეობის სათავეებში, მდ. ალაზნისა და ბაწარას შესართავიდან ტბათანას მთაზე (სიმ. 2456 მ.) ადიოდა, გადაივლიდა ლაღისმთას (სიმ. 2597 მ.) და საყორნის უღელტეხილით ეშვებოდა წოვათის თემში. ყველა ეს გზა ე. წ. "ცხვრის გზებია", რომლებითაც თუშეთი ალვანისა და შირაქის მინდვრებთან იყო დაკავშირებული. რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა მეცხვარეობის განვითარებისათვის.
დღეს თუშეთში მოსახვედრი ერთადერთი, ომალო – ალვანის საავტომობილო გზა არის ერთ-ერთი ურთულესი სატრანსპორტო მონაკვეთი საქართველოში, რომელიც მიუყვება ვიწრო, გრუნტიან გზას (“ცხვრის გზას”) მდ. სტორის ხეობის გავლით და ადის კავკასიონზე. 2926 მ.-ის სიმაღლეზე მდებარე ეს ტერიტორია აბანოს სახელწოდებითაა ცნობილი და კავკასიონზე ეს ყველაზე მაღალი სამანქანო გადასავლელია. ამ 72 კილომეტრიანი მონაკვეთის გავლა მხოლოდ ორხიდიანი, მაღალი გამავლობის ტრანსპორტით არის შესაძლებელი და დაახლოებით 4–5 საათი სჭირდება. განსაკუთრებით რთულია გზა მეწყერსაშიშ ზობენში, 50-ე და 53-ე კილომეტრებზე. BBჩ– იმ 2013 წელს ეს გზა ევროპის ყველაზე ექსტრემალური გზების ჩამონათვალში შეიყვანა.
აბანოს უღელტეხილი წლის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე თვე (მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე) ფუნქციონირებს და ამ დროის მანძილზეც გამუდმებით იწმინდება მეწყრებისა და კლდეთა ნაშალისაგან. დიდთოვლობის გამო გზა 6 თვის განმავლობაში იკეტება და თუშეთში მოხვედრა მხოლოდ ვერტმფრენით არის შესაძლებელი. 2017 წელს გზის გახსნამდე ომალოს მიმართულებით უფასო ავიარეისები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით კვირაში ერთხელ დაინიშნა, რომ მესაზღვრეებმა და იქ დარჩენილმა ადამიანებმა იგრძნონ კავშირი დანარჩენ საქართველოსთან.
გზის სირთულე აფერხებს მხარის ეკონომიკურ განვითარებას და მნიშვნელოვანი ხელისშემშლელი ფაქტორია ტურისტისათვის -- თუშეთის განვითარების ერთერთი მთავარი გენერატორისათვის.
სახელმწიფოს წინაშე ეს პრობლემა მრავალი წელია დგას. ჯერ კიდევ 1935 წელს გიორგი ბოჭორიძე თავის ნაშრომში განიხილავდა კახეთი თუშეთის დამაკავშირებელ გზას და საუბრობდა მის დადებით და უარყოფით მხარეებზე. მკვლევარი იმდროინდელ მთავრობას იმავე ნაშრომშივე სთავაზობს ალტერნატიული გზის გაყვანის ადგილსაც.
“ ახალ გზას ბევრი ნაკლი აქვს: ის ვიწროა (მცირე ნაწილის გარდა); მას პირვანდელი გზების “ჭირკვანა”-ები, ანუ მიხვეულ-მოხვეულები აქვს. ასეთია მაგალითად, აბანოს აღმართი, აბანოს გამოღმა კლდეების აღმართი და სხვა.
მერმე, გზა გაყვანილია აბანოს ხევის მხოლოდ და მხოლოდ ერთ, მარჯვენა, მხარეს; მეორე, მარცხენა, მხარე კი სავსებით უგულებელყოფილია. გზის მხარეს ზოგიერთი ადგილი ძლიერ ნოტიო და წყლიანი; მიწა საათობით ირღვევა და უფსკრულისკენ მიექანება. განა რა უშავდა ამისთანა ადგილებში, თუ მეორე ნაპირი უკეთესი იყო, იქით გადასულიყვნენ და ის მხარე გამოეყენებინათ. ხიდი დასჭირდებოდა 3-4 საჟ. ბურჯები მას არ უნდოდა, რადგანაც ბუნებრივი კლდეები საუცხოვო სახიდე ადგილებს წარმოადგენს და სხვა.
ბოლოს, რატომ ამ ხეობაზე დადვეს გზა და არა სხვაზე? ამას ვითომც იმით ამართლებენ, რომ ამ გზაზე ადრიან გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე შეიძლება მგზავრობაო. მაგრამ ეს ერთი დადებითი მხარეა და უარყოფითი კი ბევრი აქვს.
აბანოს ხეობა მეტისმეტად ნაშლიანი, წყლიანი, ადგილ-ადგილ ფრიალო კლდიანი და გაუვალი არის. დიდი აღმართები მას არასგზით არ ასცილდება, ხოლო ეს შარაგზისათვის დიდი დაბრკოლებაა და ყველა ამ მიზეზთა და ნაკლთა გამო განა არ შეიძლებოდა, რომ გზა ამ ხეობას ასცდენოდა და სხვა ადგილზე გაყვანილიყო? მაგალითად, არის ქედი, რომელიც კახეთიდან უწყვეტლივ შუა თუშეთში გადადის. ესარის შავკლდის მთისა და ვადაეთის წვერის ქედი. ის იწყება სოფ. ფშაველთან და ასწევს სოფ. ქუმელაურთის თავამდე. ამ მიმართულებით გაყვანილი გზა კახეთიდან თანდათანობით, შეუმჩნევლად ავა მაღლა მთაზე, შემდეგ სწორ ხაზად გაეკიდება ხსენებულ ქედს და ბოლოს დაეშვება ძირს, თუშეთში. მართალია, ამ ქედს დიდი ნაშლიანი, საზვავე გვერდები აქვს, მაგრამ შეიძლება იმასაც მოევლოს. თუ ეს მოხერხდა, ის სამუდამო გზად დარჩება; იგი მტკიცე და მკვრივიც იქნება. რაც აბანოს ხევის გზას ყოველ წელიწადს შეკეთების ხარჯი დასჭირდება, ამას იმის მეათედი არ მოუნდება და რაც უმთავრესია, ძლიერ ადვილად მისასვლელ-მოსასვლელი იქნება.”
გამოყენებული ლიტერატურა: ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის გეგმა, სტუდია 21