გაგანია ,,ლეკიანობის’’ ეპოქაში ,,მელეკეობით’’ ცნობილ კუთხეში დაიბადა და გაიზარდა ,,მელეკედ’’ შეთე გულუხაიძე.

შეთე გულუხაიძე


„ოო... ვიცნობ მე შეთე გულუხაიძეს!
სისხლიანი შეტაკებები ანიჭებს სიამოვნებას... ეს მას ხელობად აქვს გადაქცეული“

რაფიელ ერისთავი
შეთე გულუხაიძე, თუში მხედარი, მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების თუშეთის ნამდვილი ლეგენდაა. ათწლეულების განმავლობაში ქუხდა მისი სახელი მთელს კავკასიაში, განსაკუთრებით ლეკეთის საკორდონო ხაზის გასწვრივ, როგორც უშიშარი, თავზეხელაღებული, გულადი მეომრისა. გულადობის გარდა, ის იყო ნამდვილი რაინდი, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით - მთიელი მეომრის რაინდობის დაუწერელი კოდექსის შემმუშავებელიც და პრაქტიკაში გამტარებელიც. ცნობილი სამხედრო ისტორიკოსი და მისი თანამედროვე, ნიკოლოზ ვოლკონსკი, მას ნამდვილ „თუშ ბაიარდად“ მოიხსენიებს.


გაგანია ,,ლეკიანობის’’ ეპოქაში ,,მელეკეობით’’ ცნობილ კუთხეში დაიბადა და გაიზარდა ,,მელეკედ’’ შეთე გულუხაიძე. სოფელ ქუმელაურთაში დღესაც არის შემორჩენილი შეთეს ნასახლარი და შეთეს ციხე, რომელიც მდინარე ალაზნის პირას დგას. გულუხაიძის სახელი თავზარს სცემდა მეზობელ მაჰმადიანებს, ის ცნობილი იყო, როგორც ლეკების ნამდვილი რისხვა. მისი განსაკუთრებით ეშინოდა დიდოელებს.
შეთე გულუხაიძის გარდაცვალების თარიღი და საფლავი დღემდე უცნობია.

გამოყენებული ლიტერატურა: გ. ცოცანიძის ,,შეთე“
დ. ბუქურაული ,,კიდევ ერთხელ თუშეთისა და თუშების შესახებ“