დართლო


სოფელი დართლო (42°26′19″ ჩ. გ. 45°34′58″ ა. გ.) მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ სამციხის (პირიქითა) თემში, სოფელ ომალოდან 15, ახმეტიდან კი 102 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. მიმოსვლა შესაძლებელია საცხენოსნო ბილიკით, საავტომობილო გზით და საჰაერო გზით.
სოფელი თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. სოფელ დართლოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საუკუნოვანი სახლებისა და კოშკების აღდგენა 3 წელი მიმდინარეობდა. პროექტი განხორციელდა მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით. სახლების რეაბილიტაციის გარდა დართლოში მოეწყო გარე ინფრასტრუქტურაც.
ტერიტორიაზე გვხვდება 8 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი. დართლოს ეკლესიას აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი. დართლო გამოცხადებულია არქიტექტურულ ნაკრძალად. იგი თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია. სოფლის ცენტრში, XIX ს-ის ეკლესიის გვერდით, დიდხევის გაღმა, დგას იახსარის ხატის სალოცავი-წარმართულ ქრისტიანული აკლდამისებური ორი ნაგებობა. სოფლის შუაგულში ორი პირამიდულსახურავიანი მთავარი ციხე-კოშკის ნახვაა გიორგი ბოჭორიძის ჩანაწერების მიხედვით სოფლის ბოლოზე ადგილ საფრინდაოზე ეწყო 12 ქვის სკამი, რომელზედაც ადრე ხსდებოდნენ 12 უხუცესი მსაჯული. მთავარი ბჭე–მოსამართლე ჯდებოდა სამხრეთ მხარეს აღმოსავლეთ მხრისაკენ მაღალზურგიან ქვაზე. შუაში იდო ერთი ბრტყელი ქვა წინ დაყუდებული წვრილი ქვით, რომელზეც მუხლზე დგებოდა მოსარჩლე. ჩრდილოეთ მხარეს იდგა მოწმის ქვა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კი - დამნაშავის. იქვე, საფრინდაოს ჩრდილოეთ ნაწილში იყო „საფიცარი ქვა“. მას ამოიღებდნენ პროცესიის მონაწილეები, ულვაშებს გამოიძრობდნენ, ჩაჰყრიდნენ შიგ და ისევ ქვას დაადგამდნენ, რაც იმის დასტური იყო, რომ პროცესია დაიწყო.


თვეში ერთხელ ზაფხულში, აქ მოდიოდნენ ხევისბერები, თითო საზოგადოებაზე ორი კაცი იყო დანიშნული. სულ იყო ექვსი საზოგადოება: ნაციხვრისა, ომალოსი, დართლოსი, ფარსმისა, ჯვარბოსლისა, ილიურთისა და სულ 12 კაცი ხევისბერი იყვნენ არჩევით. ისინი იყვნენ მოხუცებული და პატივცემული ხალხი. განიხილებოდა ყველა საქმე. სისხლის საქმის გადაწყვეტის დროს ერთხანს თავმჯდომარეობდა წოვათიდან მოსული დევდრის ანთას ქალი. ის ძალიან მჭერმეტყველი და გონიერი ქალბატონი იყო. სხვა დროს საბჭოს ერთ–ერთი წევრიც ყოფილა. იგი დიდი ხანი ყოფილა თავმჯდომარედ.
ბოჭორიძის მოგზაურობის დროს საფრიანდაოზე იყო 11 ქვა საზურგეთი (მე-12 დაკარგული იყო) და შუაში - ერთი ქვა, წინაღმართული მეორე ქვით მომჩივნისათვის, ერთი მოწმისათვის და ერთი დამნაშავისათვის.
ამ დროისათვის შემორჩა მხოლოდ 3 ქვა, ხოლო დაკარგულები შეავსეს ახალი ქვებით.
დღესდღეობით, სოფელში ტურისტული ინფრასტრუქტურა ყალიბდება, გახსნილია საოჯახო სასტუმროები. გამოყენებული ლიტერატურა: ახმეტის მუნიციპალიტეტისა და თუშეთის სივრცით-ტერიტორიული დაგეგვა. სტუდია 21