,, დღესამ დღეობა ვისია წმიდისა გიორგისია“ სარიტუალო

საკულტო რიტუალები


თუშეთში საშემოდგომო სამუშაოებს წინ უძღვის ზაფხულის საკულტო დღეობების ციკლი - ათნიგენობა, რომელიც იწყება აღდგომიდან მეასე დღეს და ორი კვირა გრძელდება. ამ დროს ყველა სოფლის მთავარ ჯვარში გარკვეული კალენდარული თანმიმდევრობით ტარდება კულტმსახურება. ათნიგენობის მასპინძელი ,,შულტა’’ სოფლის მიერ ერთი წლით არჩეული ჯვარის ყმა. საათნიგენოდ რამოდენიმე დღით ადრე შულტა ,,შემოჰკიდებს ქვაბებს’’ - მოხარშავს ალუდს, რაშიც მთელი სოფელი ღებულობს მონაწილეობას. შენობა, რომელშიც ლუდი იხარშება, საკრალურია და იქ დედათა წესის ასაკის ქალები არ შედიან.
ათნიგენობის, ანუ ჯვარისკრობის სარიტუალო ცერემონიებს უძღვება ,,ხელოსანი’’ - ჯვრის მსახური. მხოლოდ მას აქვს უფლება ,,გამოაბრძანოს’’ ჯვარის დროშა და ზარების ჟღრიალით აცნოს მთელს სამყაროს ათნიგენობის დაწყება. დროშის გამობრძანების შემდეგ ხელოსანი დალოცავს ალუდიან კოდს, დაამწყალობლებს საყმოს, ჯვრის ყველა სტუმარს და ,,წყალობდესო’’- ო სამჯერ შემოსძახებენ დამსწრე მამაკაცები. ამის შემდეგ მიუსხდებიან ნაკურთხ სუფრას და დაიწყება პურ - მარილობა. კაცები ცალკე სხდებიან, ქალები - ცალკე.
გართობისა და ლხინის გარეშე ქორბეღელა არ ჩაივლის.
ათნიგენობაში იციან დოღი და ,,ქორბეღელას გაკეთება’’. ხუთი კაცი მხარ - მხარს გადახვეული დადგება წრედ და მათ მხრებზე შეადგება სხვა ხუთი. ასე, წაღმა ტრიალით ააქვთ ქორბეღელა საჯარედან (თავმოყრის ადგილიდან) ჯვარისკარამდე (ხატამდე). აქაც სამჯერ შემოტრიალდებიან და ქორბეღელას დაშლიან. ქორბეღელა წარმოადგენს ასტრალური მნათობ - ღვთაების მაგიურ რიტუალს.


პურობის შემდეგ იმართება გასართობი ხასიათის რიტუალური თამაშები. გავრცელებულია ,,ჩათარაობა’’ - ქალებისა და მამაკაცების ურთიერთ - შებრძოლების, ტყვედ აყვანისა და გამოსყიდვის ცერემონიალი..
ათნიგენობის დამთავრების შემდეგ იწყება საშემოდგომო სამუშაოები - თიბვებისა და მოსავლის აღება - დაბინავების დაძაბული სეზონი.
პირები, ვინც იციან ათნიგენობის დღესასწაულთა შესახებ, საგანგებოდ ცდილობენ თუშეთში ჩასვლა მათ დაამთხვიონ. გარდა ქეიფისა, ეს დღესასწაული ქართული ხელოვნების დიდებულ ფესტივალსაც წარმოადგენს. დღეობის დღეს სოფელში მოხვედრილ სტუმარს აუცილებლად მიიპატიჟებენ სუფრაზე და თუშები ამ დროს ყურადღებას არ აქცევენ, თურა აღმსარებლობისაა სტუმარი. ამასთან თუშები არჩევენ, რომ საკულტო ქმედებები უცხოთა გარეშე აღასრულონ. არ არის გამორიცხული, რომ სტუმარი მათ დასასწრებად მიიწვიონ - განსაკუთრებით ისინი, ვისაც იცნობენ და ვინც ადრე არაერთხელ ყოფილა ამ მხარეში.

ავტ: ნუგზარ იდოიძე