დოჭუ


სოფელი დოჭუ (42°23′24″ ჩ. გ. 45°33′20″ ა. გ.)მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ისტორიულ მხარე თუშეთში, ჩაღმა თემში, თუშეთის ალზნისა და პირიქითი ალაზნის წყალგამყოფ მაკრატელას ქედის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე, ახმეტიდან 102 კილო- მეტრში. დოჭუს, როგორც გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურულ ნაგებობას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორმა 2016 წლის 28 ოქტომბერს გამოსცა. სამართლებრივი აქტის მიხედვით, განისაზღვრა ძეგლის ზუსტი საზღვრებიც. სოფელში გვხვდება 6 კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი.


სოფელი დოჭუ სამსართულიანი საცხოვრებელი სახლებით და აივნების სიუხვით გამოირჩევა. დოჭუ გაშენებულია კლდის ქიმზე. მას მწვერვალზე “ამოსულ” მეომართა სოფელსაც უწოდებენ.
დოჭუელებს ბატონი არ ჰყოლიათ, მათი მისია იყო ამ მწვერვალიდან მტერი პირველებს შეემჩნიათ, პირველები შეჰბმოდნენ და ან გაემარჯვათ, ან დახოცილიყვნენ, ასე გადაერჩინათ ისინი, ვინც მათ უკან იყვნენ. სწორედ ამ მისიის შესასრულებლად იყო, რომ აქ დედები ხელსაქმისას მიწაში პალოს ასობდნენ და ზედ ახალფეხადგმულ ჩვილებს აბამდნენ, რომ სადმე არ წაბაჯბაჯებულიყვნენ და კლდეღრეში არ გადაჩეხილიყვნენ. ფეხმომაგრებულებს კი უკვე ხმლის ქნევაში ავარჯიშებდნენ, რაც მეტი ნაჭდევი ექნებოდა ტანზე, მით უკეთესი ვაჟკაცი იყო! იმასაც ამბობენ, პალოზე ბაწრით მიბმული ბავშვის ხელში აყვანის უფლება, რაც უნდა ეტირა, თუ აუცილებელი არ იყო, არავის ჰქონდაო. იმიტომ, რომ ადგილზე ყოფნას შეჩვეოდა, ადგილის ფუძე არ მიეტოვებინა.