{s_safety}

ტურისტულ ბილიკებზე ფერმერთა ძაღლების შესაძლო აგრესია

მეცხვარული ძაღლები


თითქმის ყველა საფეხმავლო ბილიკის გასწვრივ თუშეთში მდებარეობს ორი ან სამი მეცხვარის ბინა, რომელსაც ძაღლები იცავენ.თუმცა ძაღლებთან შეხვედრისას სიტუაციის მართვა საკმაოდ უსაფრთხო და ადვილია თუკი გაითვალისწინებთ ქვემოთ მოყვანილ რჩევებს.
უპირველეს ყოვლისა მეცხვარის ძაღლი მეპატრონის ქონების დამცველია-იქნება ეს მეცხვარის ქოხი, ფარა თუ ნახირი, ეს მისი პირდაპირი მოვალეობაა. ეს იმას ნიშნავს რომ თუკი მიუახლოვდებით იმ ადგილს სადაც ეს სამი დგას ან ძოვს ძაღლები აუცილებლად გაგაფრთხილებენ, ხოლო ტერიტორიის გადალახვის შემთხვევაში შემოგიტევენ.
მეცხვარის ძაღლი უმიზეზოდ აგრესიული არ არის. ის მხოლოდ თავისი პატრონის ქონებას იცავს და თუკი აჩვენებთ, რომ არ გსურთ მისი კუთვნილი ტერიტორიის გადალახვა და მითუმეტეს არ აპირებთ მისი ქონების მითვისებას ის მხოლოდ გასაფრთხილებლად იყეფებს, უსაფრთხო მანძილს შეინარჩუნებს და არასოდეს გადავა აგრესიულ შეტევაზე.
თუმცა გვხვდება უფრო რთული შემთხვევებიც , როცა ბინა ბილიკთან ძალიან ახლოსაა ან ნახირი და ფარა ზედ ბილიკზე ძოვს და გვერდს ვერ აუქცევთ უსაფრთხო მანძილზე.ჩვეულებრივ ნახირს ერთი ან ორი ძაღლი მწყემსავს მხოლოდ, ხოლო ცხვრის ფარას მეცხვარეც ახლავს. თუ ასეთ შემთხვევაში გადაეყრებით მცველ ძაღლს აჩვენეთ რომ არც თქვენ ხართ ჯაბანი, აიღეთ ჯოხი, ქვა და მოუქნიეთ რომ ახლოს არ მოუშვათ. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეეცადოთ ძაღლის სერიოზულად დაზიანებას და არ გადახვიდეთ შეტევაზე, ასეთი მცდელობა სავალალოდ დასრულდება ვიზიტორისთვის, რადგან ძაღლები უკეთესი თავდამსხმელები არიან.უბრალოდ მუქარით შეეცადეთ მანძილი და დრო მოიგოთ და სახიფათო ტერიტორიას გაეცალოთ.ძაღლი ვერ ხედავს რა გაქვთ ხელში და რას ისვრით, მაგრამ თუ ქვის ასაღებად დაიხრებით ეს მისთვის უტყუარი ნიშანია, რომ გვერდები აეწვება. ამიტომ დიდ მანძილზე გარბის და თქვენ დრო გაქვთ წინ წახვიდეთ შემდეგ შემოტევამდე. რაც უფრო გასცდებით ნახირს მით უფრო შესუსტდება ძაღლის წინააღმდეგობა და ბოლოს დაჯდება და კიდევ კაი ხანი გაგაცილებთ ყეფით.
თუკი შეშინდებით ან ვერ მოახერხებთ გაცლას საშველად უხმეთ მეცხვარეს, რომელიც ჩვეულებრივ ფარასთან ახლოსაა და თვითონაც გამოგეხმაურებათ. მაგრამ მეძროხე ძაღლებთან მარტო მოგიწევთ გამკლავება. თუმცა ისინი უფრო ნაკლებ საშიშები არიან ვიდრე ცხვრის ძაღლები.
არავითარ შემთხვევაში არ შეხვიდეთ ცარიელ ბინაში. ძაღლებმა შეიძლება შეგიშვან , მაგრამ უკან აღარ გამოგიშვებენ მეცხვარის მოსვლამდე.